საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინსტიტუტი ტექინფორმი დაარსდა საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1958 წლის 10 დეკემბერს #801 დადგენილებით – როგორც სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმაციის ინსტიტუტი. საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1959 წლის 30 მარტის #224 დადგენილებით იგი გაერთიანდა სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმაციისა და პროპაგანდის რესპუბლიკურ სახლთან და დაერქვა სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმაციისა და პროპაგანდის ინსტიტუტი.

საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1969 წლის 4 მარტის #111 დადგენილებით ინსტიტუტი გარდაიქმნა საქართველოს სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმაციისა და ტექნიკურ-ეკონომიკურ გამოკვლევათა სამეცნიერო-საკვლევ ინსტიტუტად, ხოლო 1992 წლის 25 მარტის მეცნიერებისა და ტექნიკის სამინისტროს გადაწყვეტილების თანახმად ეწოდა საქართველოს სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმაციისა და ტექნიკურ-ეკონომიკურ გამოკვლევათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი - ტექინფორმი.

საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის 1993 წლის 26 ნოემბრის #898გ განკარგულებით ტექინფორმს დაევალა საქართველოს რესპუბლიკის წარმომადგენლობა სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმაციის საერთაშორისო ორგანიზაციებში.

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტის #58 დადგენილების საფუძველზე ინსტიტუტი ტექინფორმი დაფუძნდა საჯარო სამართლის იურიდიულ პირად სახელწოდებით სსიპ ინსტიტუტი ტექინფორმი.

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს #246 დადგენილების საფუძველზე ტექინფორმი რეორგანიზებულ იქნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულად – დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სახით.

ტექინფორმის მიზნები და ამოცანები

  • საქართველოს სამეცნიერო პოტენციალის ასახვა და სამეცნიერო პროდუქციის გავრცელების ხელშეწყობა;
  • სამეცნიერო-კვლევითი, საკონსულტაციო და საექსპერტო საქმიანობის განხორციელება სამეცნიერო და საინოვაციო სფეროებში მიმდინარე ინფორმაციულ პროცესებში და საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების საკითხებში;
  • საზოგადოების, სახელმწიფო და კომერციული ორგანიზაციების უზრუნველყოფა სამეცნიერო-ტექნიკური, ტექნოლოგიური, ეკონომიკური, სამართლებრივი და სხვა ინფორმაციით;
  • ქვეყნის ეკონომიკური ზრდის და განვითარების, აგრეთვე მართვის ინფორმაციული უზრუნველყოფის მიზნით ინტეგრირებული საინფორმაციო-ანალიზური სისტემის ფორმირება, გაძღოლა;
  • ქვეყნის სამეცნიერო-ინოვაციური სისტემის ეფექტურობის შეფასების, აგრეთვე სხვა ქვეყნებთან მიმართებაში საქართველოს სამეცნიერო-ინოვაციური სისტემის შედარებითი ანალიზის მიზნით სათანადო ინსტრუმენტების შემუშავება მეცნიერებათმზომელობის, სტატისტიკურ-ეკონომიკური და მათემატიკური მოდელირების მეთოდების საფუძველზე;
  • სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების და ქვეყანაში დაცული დისერტაციების სახელმწიფო რეგისტრაცია, გამოუქვეყნებელი სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების დეპონირება;
  • ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ სემინარების, კონფერენციების, პრეზენტაციების, გამოფენების და სხვა ღონისძიებების ჩატარება;
  • ახალი საინფორმაციო ტექნოლოგიების შექმნა და დანერგვა;
  • საქართველოს ორგანიზაციების მსოფლიო საინფორმაციო რესურსებთან დაკავშირების მიზნით მონაცემთა გადაცემის სისტემების განვითარება და ექსპლოატაცია;
  • საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის განვითარება ქვეყნის წარმომადგენლის როლის შესრულება სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმაციის სფეროს საერთაშორისო ორგანიზაციებში და ცენტრებში;
  • საქართველოს მეცნიერთათვის, მეწარმეებისთვის, იურიდიული და ფიზიკური პირებისთვის დახმარების გაწევა ახალი ტექნოლოგიებისა და საინვესტიციო წინადადებების მომზადებასა და გავრცელებაში;
  • უნივერსიტეტის სასწავლო პროცესში მონაწილეობა.