ცნობარის განახლებული ვერსია შედგენილია ISSN საქართველოს ეროვნული ცენტრის ბოლო ჩანაწერების გათვალისწინებით და ასახავს იმ ცვლილებებს, რომელიც შევიდა ჟურნალების საპასპორტო მონაცემებში 2020-2023 წლების პერიოდში. არ შეცვლილა ცნობარში შესული სამეცნიერო ჟურნალების თემატური რუბრიკები - საბუნებისმეტყველო, დედამიწის შემსწავლელი, სამედიცინო, აგრარული, სოციალური მეცნიერებები, ინჟინერია და ტექნოლოგიები. ცნობარში მოცემულია 150 დასახელების აქტიური პერიოდული გამოცემის ბიბლიოგრაფიული მონაცემები, ინფორმაცია გამოცემის შესახებ აღებულია ჟურნალის ოფიციალური საიტიდან, გადამოწმებული და დადასტურებულია გამომცემლის მიერ; სამეცნიერო ჟურნალის თემატური კუთვნილების განსაზღვრისას გამოყენებულია ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) სამეცნიერო დარგების კლასიფიკატორი (FOS); ცნობარში ცალკეა გამოყოფილი იმ სამეცნიერო ჟურნალების ჩამონათვალი (25 დასახელება), რომელთა გამოცემა შეჩერებულია სხვადასხვა მიზეზით და გამომცემელთა აზრით ახლო მომავალში მათი აღდგენა არ იგეგმება. ის გამოცემები, რომელთა აღდგენა გათვალისწინებულია გარკვეული პრობლემების გადაჭრის შემდეგ, დატოვებულია აქტიურ ჟურნალთა სიაში.
რედკოლეგია: მ. კოპალეიშვილი, ი. ბედინაშვილი, ნ. მახვილაძე